საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, მიხეილ სააკაშვილი, აცხადებს, რომ უკრაინის პასპორტით ჩაფრინდა შეერთებული შტატებიდან პოლონეთში და აპირებს ევროპის სხვა ქვეყნებში ჩასვლასაც, ვიდრე უკრაინაში დაბრუნებას შეძლებს. ,,რადიო თავისუფლების” რუსული სამსახურის კორესპონდენტ, ალექსეი ძიკოვიცკისთან ვარშავაში ჩაწერილ ინტერვიუში ის ასევე ამბობს, რომ სხვა ქვეყნის პასპორტი არა აქვს.
„ამერიკიდან გამოვემგზავრე უკრაინის პასპორტით და პოლონეთში შემოვედი უკრაინის პასპორტით. როგორც ჩანს, ყველა ქვეყანა მაშინვე არ ცნობს იმათ ახირებებს, ვინც უცებ გადაწყვიტა საბჭოთა დიქტატორული მეთოდებით მოქმედება. სულ ეს არის“, - ამბობს სააკაშვილი. ის „საბჭოთა დიქტატორულ მეთოდებში“ ადანაშაულებს კაცს, რომელმაც ის ჯერ თავის მრჩევლად დანიშნა, შემდეგ კი ოდესის გუბერნატორად. პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადაწყვეტილებას მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ სააკაშვილი არაკონსტიტუციურად მიიჩნევს და მთავარ მიზნად ასახელებს უკრაინის სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვას.
„ჩემი პოლიტიკური გეგმები მხოლოდ უკრაინასთან არის დაკავშირებული ახლა, ამ ეტაპზე. რასაკვირველია, არც საქართველო მავიწყდება, მაგრამ საქართველო არასოდეს იქნება წარმატებული, თუ უკრაინა გარღვევას ვერ მიაღწევს. ამიტომ, ბუნებრივია, ჩემი გეგმები უკავშირდება უკრაინას. ვფიქრობ, რომ უსამართლობა მოხდა! მე უნდა დავბრუნდე, სასამართლოში დავიცვა ჩემი უფლებები. ჩემთვის ეს არის მთავარი! მე ახლა ევროპაში ვმოგზაურობ, შევხვდები პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, მაგრამ, მთლიანობაში, ჩემი მიზანი არ არის მათთან უკრაინაზე საუბარი. უკრაინაში ვითარებაზე საკუთრივ უკრაინაში ვისაუბრებ. ჩემი მიზანია, მივიღო სასამართლოში მისვლის უფლება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, გასულ თვეში, 26 ივლისს, ჩამოართვა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა, როცა ის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.
ვარშავიდან 4 აგვისტოს, გავრცელდა ცნობა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი პოლონეთში იმყოფება. ის დაესწრო ვარშავის 1944 წლის აჯანყების, წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას. სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა პოლონელებსა და მათ ქვეყანას „აგრესორის წინააღმდეგ უკრაინისა და საქართველოს ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის“. იმავე დღეს, სააკაშვილმა ექსკლუზიურ ინტერვიუში უთხრა ინტერნეტპორტალ „ერემეფ 24“-ს, რომ ვარშავაში შეხვდა პოლონეთის მმართველი პარტიის, „სამართლისა და სამართლიანობის“, წარმომადგენლებს ამ პარტიასა და უკრაინაში თავის პოლიტიკურ ძალას, „ახალი ძალების მოძრაობას“ შორის თანამშრომლობაზე მოსალაპარაკებლად.