ყოველი მორიგი ”ქუდზე კაცი არსებული ხელისუფლების შესაცვლელად“ წარმატების შემთხვევაშიც კი შობს ისეთ ახალ ხელისუფლებას, რომელიც მალევე ”ქუდზე კაცით” ხდება შესაცვლელი,- ამის შესახებ “შენების მოძრაობის” განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მოძრაობა ”ახალი საქართველოს” ლიდერის, გიორგი ვაშაძის წინადადებას ეხება.
როგორც განცხადებაში წერია, გიორგი ვაშაძის წინადადება მერობის ერთიან ოპოზიციურ კანდიდატზე შეთანხმების თაობაზე არარეალისტური და არაეფექტიანია.
”არარეალისტურია, რადგან წინასაარჩევნო პრაიმერი მიუღწეველია. არაეფექტიანია, რადგან პირველ ტურში სინერგიის ეფექტი ვერ მიიღწევა და საერთო კანდიდატის შედეგი ნაკლები იქნება, ვიდრე ყველა ოპოზიციური კანდიდატის შედეგების ჯამი. შესაბამისად, ორტურიანი არჩევნების ლოგიკა და ძალთა არსებული ბალანსი იმაზე მიგვითითებს, რომ შესაძლო ოპოზიციური ერთობის საკითხი მხოლოდ მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში შეიძლება გახდეს რეალისტურიც და ეფექტიანიც. გარდა ამისა, ყოველი მორიგი ”ქუდზე კაცი არსებული ხელისუფლების შესაცვლელად“ წარმატების შემთხვევაშიც კი შობს ისეთ ახალ ხელისუფლებას, რომელიც მალევე ”ქუდზე კაცით” ხდება შესაცვლელი. დროა, ჩვენი მრავალჭირნახული ქვეყნის ეს მწარე გამოცდილება კარგად გავიაზროთ და ადეკვატურად ვიმოქმედოთ. თბილისს სჭირდება კარგი მერი და არა ”ვინც გინდა, ოღონდ არა ოცნება“, - ნათქვამია განცხადებაში.