უკრაინული პასპორტით ჩვეულებრივად გამოვფრინდი აშშ-დან და ჩვეულებრივად ჩამოვედი პოლონეთში, გავიარე შესაბამისი კონტროლი, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ის ევროპის სხვა ქვეყნებში აპირებს გადაადგილებას.
„პოლონეთში ვარ, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას. პოლონეთში შეხვედრები გავმართე დეპუტატებთან და სხვა პოლიტიკოსებთან. ვსაუბრობდით უკრაინაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინაში მე სასამართლო პროცესამდე დავბრუნდები, რათა ჩემი უფლებები დავიცვა და გავასაჩივრო ეს აბსოლუტურად უკანონო განკარგულება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ის უკრაინის ინტერესებს დაიცავს და ევროპის მხრიდან, ქვეყნის მხარდაჭერას გააძლიერებს.
„თვალებში უნდა ჩავხედო მოსამართლეებს, მოქალაქეობის შესახებ კომისიის იმ წევრებს, ვინც რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ამავდროულად, მე დავიცავ უკრაინის ინტერესებს და ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას გავაძლიერებ. ეს ჩემი ბრძოლა არაა, ეს მილიონობით უკრაინელის ბრძოლაა. მე რომ ფული მეკეთებინა ოდესაში, ხელს არავინ მახლებდა. თუმცა, მე არ გავხდი ერთ-ერთი მათგანი და რიგით უკრაინელებთან დავრჩი. რიგითი უკრაინელების უფლებებს დავიცავ“, - აღნიშნა სააკაშვილმა.