ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დიალოგში კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან, ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება თბილისი, თუ ვენეციის კომისიის ოფისი სტრასბურგში, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ჯანი ბუკიკიოს წერილს იმის შესახებ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ მომდევნო დიალოგი სტრასბურგში, 6 სექტემბერს გაიმართოს.
მისი თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებები ემსახურება ქვეყნის გრძელვადიან დემოკრატიულ განვითარებას და სწორედ ამაში შეთანხმება შესაძლებელია.
”ჩვენთვის ცნობილია ამის შესახებ და გამოვთქვამთ მზადყოფნას, რომ მონაწილეობა მივიღოთ პოლიტიკურ დიალოგში კვალიფიციურ ოპოზიციურ პარტიებთან, ნებისმიერ ადგილას, ეს იქნება თბილისი, თუ ვენეციის კომისიის ოფისი სტრასბურგში. მზად ვართ მოლაპარაკებებში ჩავერთოთ ნებისმიერი წინაპირობების გარეშე. ჩვენთვის ეს იქნება კიდევ ერთი შესაძლებლობა, რომ ჩვენი არგუმენტები საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გავაცნოთ ოპოზიციურ პარტიებს, ჩვენი მეგობრების თანდასწრებით და მივაღწიოთ შეთანხმებას იმ საკითხებზე, რომელზე შეთანხმებაც ობიექტურად შესაძლებელია. მე ვფიქრობ, რომ ვენეციის კომისიის ჩართულობა ამ დიალოგში დაგვეხმარება მიუკერძოებელი შეფასებები მოხდეს იმ არგუმენტების და დიალოგის ხარისხის, რომელიც უნდა გაიმართოს ოპოზიციურ პარტიებთან.
ჩვენ ვგეგმავთ, რომ საშემოდგომო სესიის ფარგლებში კიდევ უფრო გავააქტიუროთ დიალოგი და კომუნიკაცია ოპოზიციურ პარტიებთან, ვინაიდან ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები და კონსესუსის გაფართოება ახალი ცვლილებების გარშემო ყველას ინტერესში შედის”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.