ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ საქართველოს კვალიფიციური ოპოზიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს წერილით უპასუხა და ისინი 6 სექტემბერს სტრასბურგში მიიწვია, - ამის შესახებ წერილშია აღნიშნული, რომელსაც პარტია „თავისუფალი საქართველო“ ავრცელებს.
ვენეციის კომისიის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისიის როლი არ არის გადაწყვეტილების შეთავაზება. მისივე თქმით, მას შეუძლია შესთავაზოს ერთდღიანი შეხვედრის ორგანიზება სტრასბურგში, ამა წლის 6 სექტემბერს, სადაც ერთმანეთს მმართველი კოალიციისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები შეხვდებიან.
„როგორც მე ადრე აღვნიშნე, ვენეციის კომისია დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის დიალოგის მეშვეობით უნდა გამოიძებნოს, რისი მიზანიც ყველაზე ფართო კონსენსუსის მიღწევა უნდა იყოს.
თუ საქართველოს პოლიტიკურ ძალებს სურთ შეხვედრა შესაძლო კომპრომისის განსახილველად, ვენეციის კომისია მზად არის ხელი შეუწყოს ამგვარ დისკუსიებს.
მოგიწოდებთ თქვენ და საქართველოში ყველა პოლიტიკური ძალების წარმომადგენლებს ეს შესაძლებლობა გამოიყენოთ, რათა კონსტრუქტიული კომპრომისი გამოძებნოთ“, - აღნიშნა ბუკიკიომ.