„ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე არჩევნებში „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად ოპოზიციას, ასევე პროდასავლური, პროგრესული ჯგუფებსა და საზოგადოების წევრებს გაერთიანებისაკენ მოუწოდებს.
ვაშაძის თქმით, აღნიშნულ ინიციატივას ბევრი საინტერესო ადამიანი გამოეხმაურა.
"დღეს ამ საკითხზე დისკუსია და მსჯელობა გვექნება. იმედი მაქვს, რომ ეს პროცესი შეუქცევადი იქნება და ჩვენ ოქტომბერში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დავამარცხებთ. სხვა პირობებში ეს მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების თამაშია. პრინციპების გარშემო გაერთიანება ერთადერთი გზაა მავნებლური ხელისუფლების დასამარცხებლად“, - განაცხადა ვაშაძემ.
ცნობისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის გაერთიანების და ერთიანი პლატფორმის შექმნის მიზნით „ახალი საქართველოს“ ოფისში კონსულტაციები მიმდინარეობს. შეხვედრას ოთხი არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტია და საზოგადოების აქტიური წევრების ნაწილი ესწრება.