დღეს საქართველოში ვმასპინძლობთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ძირითად სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, არამედ ამ მოკლე პერიოდში შეძენილ საქართველოს დიდ მეგობარს, ბატონ მაიკ პენსს და მოხარული ვართ, რომ იგი ჩამობრძანდა მეუღლესთან ერთად, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ამერიკის შეერთბული შტატების ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსს, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, დღეს საქართველო ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატიაა, რომელიც ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე ამაყად დგას.
”მიუნხენში ჩვენი მოკლე გაცნობის შემდეგ, პატივი მქონდა ბატონი ვიცე-პრეზიდენტის მიწვევით გამემართა შეხვედრები ვაშინგტონში, დღეს კი თბილისში გავაგრძელეთ დიალოგი. ბატონო ვიცე-პრეზიდენტო, თქვენი სტუმრობა ხელისუფლებაში მოსვლიდან უმოკლეს პერიოდში ადასტურებს პრეზიდენტ ტრამპის და თქვენს დიდ სურვილს, გააღრმავოთ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა და მეგობრობა, რისთვისაც მე დიდ მადლობას გიხდით. წელს 25 წელი შესრულდა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან და ამ პერიოდის განმავლობაში ამერიკის როლი ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცების და ნატო-ში გაწევრიანების გზაზე იყო და არის იყო მნიშვნელოვანესი. თქვენი დახმარების შედეგად საქართველო დღეს აღარ არის არც საბჭოური და არც პოსტსაბჭოური ქვეყანა. დღეს ჩვენ ევროკავშირთან ასოცირებული ევროპული დემოკრატია ვართ, ასევე ჩვენ ამაყად ვდგავართ ამერიკელებთან ერთად გლობალური უსაფრთხოების სადარაჯოზე და ჩვენი კონტრიბუცია შეგვაქვს რეგიონული სტაბილურობის პროცესში”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.