მთავარი ისაა, რომ მალე თბილისში „ხრუშოვკების“ ჩანაცვლება ახალი, თანამედროვე შენობებით დაიწყება, ეს საჭიროება პოლიტიკის მიღმაა, პოპულიზმისთვის ჩვენ არ გვცალია, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საკითხზე რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების ჭარბი შემოჭრა ალბათ უფრო ბავშვური რეაქციაა, ან ყურადღების მიქცევის მცდელობა.
„თბილისის პრობლემების მოგვარებაზე საუბრის და დაგეგმვის ექსკლუზივი არავის აქვს. აქ რომელიმე პოლიტიკური ჯგუფის აქტივისტების ჭარბი შემოჭრა ალბათ უფრო ბავშვური რეაქციაა, ან ყურადღების მიქცევის მცდელობა. როცა გულწრფელად გინდა გადაარჩინო თბილისი, იქ პრობლემების რიგითობაზე და გამოცხადების მომგებიანობაზე ნაკლებად ფიქრობ. თბილისის პრობლემები ყველა პირველია და ყველა გადასაწყვეტია“, - განაცხადა კახა კალაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, "ხუთი წელი ვმუშაობდი და შემდეგი ხუთჯერ ხუთი და მეტი წელიც იგივეს ვაპირებ".