საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი - "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" ჩატარდება.
პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE განახორციელებს, დღეს პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის მონაწილეობითგაიმართა.
ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმითა და შემუშავებული ცვლილებებით მასწავლებელთა ინფორმირებულობის გაზრდა და დაინტერესებაა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, წელს ტრადიციულად,საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორგანიზებით კონსტიტუციის დღე სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნება. წელს, კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კონსტიტუციის დღის აღნიშვნას, რადგანსწორედ წელს მიმდინარეობდა ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო რეფორმა.
"მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციის დღე აღინიშნოს უფრო ფართო ჩართულობით და ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ ყველა საინტერესო ინიციატივა, რომელიც ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან შემოდიოდა პრეზიდენტთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, მხარიდაგვეჭირა ამ პროექტებისთვის.
სწორედ ასეთია პროექტი "მასწავლებლები კონსტიტუციაზე", საკმაოდ საინტერესო ინიციატივა", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო საკითხებზე დისკუსია საგანმანათლებლო სფეროს წარმომადგენლების მონაწილეობით განსაკუთრებით ღირებულია და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მოქმედ და ყოფილ მასწავლებელს, ასევე, სკოლების დირექციის წარმომადგენლებს. კონკურსანტების ნამუშევრებს სპეციალური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულს საქართველოს მასშტაბით რაიონების მიხედვით გამოავლენს.
გამარჯვებულების შესახებ ინფორმაცია 2017 წლის სექტემბრის ბოლომდე გამოცხადდება და კონკურსშიგამარჯვებულებს ფულადი პრიზები გადაეცემათ.