ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი დოლიძის განცხადებაზე და არა მხოლოდ მე ველოდები, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, ანა დოლიძემ წითელი ხაზი გადაკვეთა და ხაზის გადაკვეთით შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, არამედ იმ ინსტიტუტს რასაც წარმოადგენს.
"ეს ის შემთხვევაა როდესაც ბოდიშის მოხდაც აზრს კარგავს! ეს წითელი ხაზის გადაკვეთაა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მხრიდან და ამ ხაზის გადაკვეთით შეურაცხყოფა მიაყენა არა პარლამენტს და მის თავმჯდომარეს, არამედ იმ ინსტიტუტს რასაც წარმოადგენს. ეს სამწუხაროც აღარაა, ეს საგანგაშოა! პარლამენტის თავმჯდომარე ხალხის წარმომადგენლობითი ორგანოს სახეა. ჩვენ მოსახლეობის უმრავლესობამ მოგვცა ნდობის მანდატი და ეს განცხადება ხალხის მანდატის უპატივცემულობაც არის. არგუმენტს და ლოგიკას როდესაც შეურაცხყოფას უპირისპირებ ეს მძიმე სანახავია. ჩვენ არ მივიღებთ ასეთ დამოკიდებულებას. ასეთ ვითარებაში თანამშრომლობის სივრცე არ რჩება. ველოდები პრეზიდენტის შესაბამის განმარტებას ქალბატონი დოლიძის განცხადებაზე და არა მხოლოდ მე ველოდები”, - განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, ანა დოლიძემ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის მისამართით განაცხადა, რომ ის არის უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი და ქართული პოლიტიკის „შარიკოვი“.