ხვალ, 11 საათზე თბისლის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის განხილვა განახლდება. როგორც ”ჯი-ეიჩ-ენს” დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ განუცხადა, ბრალდების მხარემ დასაკითხ მოწმეთა სია ფაქტობრივად ამოწურა, შესაბამისად, ხვალ პროკურატურა მტკიცებულებათა გამოკვლევას დაიწყებს.
”ხვალინდელი პროცესი პროკურატურის მტკიცებულებათა გამოკვლევით გაგრძელდება. პროკურატურას დასაკითხ მოწმეთა სიაში საქმესთან ნაკლებად შემხებლობაში მყოფი 2-3 მოწმე ჰყავს დარჩენილი. თუ მათი დაკითხვა მოხდება, ეს საკმაოდ მცირე დროს წაიღებს. შესაძლოა ხვალ ასევე აუცდიო-ვიდეო ჩანაწერების გამოკვლევაც მოხდეს, რომელზეც არაერთხელ ყოფილა საუბარი”, - განუცხადა ”ჯი-ეიჩ-ენს” გიორგი ფანცუალაიამ.
რაც შეეხება იმას, თუ როდის დაიკითხება დაცვის მხარის ერთ-ერთი მოწმე, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე, ირაკლი ფირცხალავა, როგორც ფანცულაია აცხადებს, ეს სავარაუდოდ მომდევნო კვირში მოხდება.
”დაცვის მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა და ჩვენი რამდენიმე მოწმის, მათ შორის ირაკლი ფირცხალავას დაკითხვა მაშინ მოხდება, როცა პროკურატურა მტკიცებულებათა გამოკვლევას დაასრულებს. ეს სავარაუდოდ, მომდევნო კვირაში უნდა მოხდეს. იქიდან გამომდინარე, რომ პროკურატურის და დაცვის მოწმეების აბსოლუტური უმრავლესობა ერთმანეთს ემთხვეოდა, ბრალდების მხარემ მათი უმეტესობა დაკითხა, სულ რამდენიმე მოწმე დარჩა, რომელთაც ჩვენ გამოვიძახებთ”, - აცხადებს ადვოკატი.