დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება. როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გუშინ განაცხადა, გიორგი მარგველაშვილმა 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ პარლამენტის თხოვნა დააკმაყოფილა.
„პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. მოგეხსენებათ, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა, ნუ შეაფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილმა ვეტოს უფლებამოსილება პარლამენტის მიერ მიღებულ სამ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოიყენა. აქედან ერთი ”ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში” განხორციელებული ცვლილებების პროექტია, ხოლო ორი - ”საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებული სხვადასხვა კანონპროექტი.