ლადო ჭანტურიას სტრასბურგში მოსამართლეობისთვის შესაფერის კანდიდატად მიიჩნიეს, - ამის შესახებ წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
,,საქართველოს მთავრობამ მივიღეთ შესაბამისი ექსპერტ-მრჩეველთა დასკვნა - ლადო ჭანტურია კონკურსს აგრძელებს. მასთან გასაუბრება და შემდგომი ეტაპები სავარაუდოდ, შემოდგომაზე განახლდება. მინდა მივულოცო ლადო ჭანტურიას ეს პირველი ეტაპის წარმატება“, - განაცხადა მინისტრმა.
სტრასბურგის მოსამართლეობის კანდიდატად სოფიო ჯაფარიძე და შოთა გეწაძეც იყვნენ წარდგენილი.
,,კომპეტენციის კარგი მაჩვენებლები აქვთ დანარჩენ ორ კანდიდატს ქალბატონ სოფიო ჯაფარიძეს და შოთა გეწაძეს. იმ ახალი წესებისა და მკაცრი მოთხოვნების გათვალისწინებით, რომელიც სტრასბურგის ორგანოებმა მოსამართლეობის კანდიდატებს 2009 წლიდან დაუწესეს, ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ ეს ორი კანდიდატი არის ახალგაზრდა და აქვთ ხანმოკლე სამოსამართლო გამოცდილება აქვს. შოთა გეწაძე 35 წლის არის. ამის შესახებ პირდაპირ არის მითითებული, რომ დაახლოებით 7-წლიანი სამოსამართლო კარიერა, რაც მას აქვს, არის ხანმოკლე. სოფიო ჯაფარიძის შემთხვევაში, ნათქვამია, რომ მას აქვს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ღირებული გამოცდილება, კარგი ცოდნა ადამიანის უფლებებში სამართალში, მაგრამ ამ შემთხვევაშიც მიიჩნიეს, რომ არის 36 წლის და მისი პროფესიული გამოცდილების მასშტაბი, ხანგრძლივობა არის ხანმოკლე“, - განმარტა თეა წულუკიანმა.