ოპოზიციური პარტიები ვენეციის კომისიას და ევროპულ სტრუქტურებს ერთობლივ მიმართვას უგზავნიან. მათი შეფასებით, საკონსტიტუციო რეფორმის პროცესი ჩიხშია შესული და ხელისუფლები მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო მოლაპარაკებების დაწყება ვერ ხდება.
„გაცნობებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის მიმდინარე პროცესი საქართელოში, უკვე მერამდენედ შედის ჩიხში. ოპოზიციური პარტიების მცდელობა, დაიწყოს მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან, საარჩევნო გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების’’ მხრიდან წამოყენებული ულტიმატუმის გამო, კვლავ შეუძლებელი ხდება. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა, კიდევ ერთხელ, ღია წერილით მიმართეს ხელისუფლებას, დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი, მაღალი პოლიტიკური კონსენსუსის მისაღწევად. პასუხად კი, 19 ივლისს, ხელისუფლების შიდა კონსულტაციების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოპოზიციასთან საუბარს, იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც წლის დასაწყისში, ოთხი თვის განმავლობაში განიხილა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელიც გამომოტანილი იყო საჯარო-სახალხო განხილვის ფორმატში და ბოლოს გადმოგზავნილი იყო ვენეციის კომისიისთვის. ხელისუფლებამ, ვენეციის კომისიის დასკვნის შემდეგ, რომელმაც პოზიტიური შეფასება მისცა, საქართველოს პარლამენტის, 150-ვე დეპუტატის პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩევის ინიციატივას, ძირეულად შეცვალა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი და პარლამენტში, კვლავ შერეული საარჩევნო სისტემის ინიცირება მოახდინა, რომელიც დაჩქარებული წესით, სამ დღეში, ორი მოსმენით დაამტკიცა კიდეც.
კონსულტაციების დაწყებამდე ხელისუფლების მხრიდან, კვლავ ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი, გვიჩენს საფუძვლიან ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ ‘’ქართულ ოცნებას’’ თავად აქვს გადაწყვეტილი დიალოგიოს პროცესი, დაწყებამდე ჩაშალოს, რაც ყოვლად მიუღებელია ოპოზიციითვის, რომლის მიზანს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება და კონსენსუსით მიღებული, საკონსტიტუციო ცვლილებები წარმოადგენს."- ნათქვამია მიმართვაში.
ოპოზიცია ვენეციის კომისიას და ევროსტრუქტურებს მიმართავენ თხოვნით, კიდევ ერთხელ დააყენონ საქართველოს ხელისუფლების წინაშე საკითხი, კონსტიტუციის მიღებისას უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და კონსესუსის აუცილებლობის შესახებ”, ნათქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ:
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო“, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა“, „პოლიტიკური პლატფორმა - „ახალი საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „თავისუფალი დემოკრატები“, „ახალი ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნული ფორუმი“, „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, „ტრადიციონალისტთა კავშირი“, „სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ლეიბორისტული პარტია“.