თბილისის მერის მიდგომა არის ძალიან მარტივი, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რაიმე გადაცდომას კანონთან მიმართებაში, მასზე იქნება შესაბამისი რეაგირება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ თბილისის მერიის თანამშრომლის, ოთარ აბესაძის ქრთამის აღების ბრალდებით დაკავების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.
მისი თქმით, ეს ძალიან სამწუხარო და მოულოდნელი ფაქტია.
"ძალიან სამწუხარო ფაქტია, შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელიც და ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში უნდა დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და საბოლოო სიტყვას ალბათ გამოძიება იტყვის. მთლიანობაში, თბილისის მერის მიდგომა არის ძალიან მარტივი, ნებისმიერი ფაქტი, რომელიც უკავშირდება რაიმე გადაცდომას კანონთან მიმართებაში, მასზე იქნება შესაბამისი რეაგირება. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარის წარმომადგენელი იქნება, კანონის მიმართ, აბსოლუტურად ყველა არის თანასწორი, ამიტომ გამოძიების შემდეგ, ბუნებრივია კანონშესაბამისად განხორციელდება ნებისმიერი ქმედება, ის იყო შტატგარეშე თანამშრომელი“,- ამბობს ირაკლი ლექვინაძე.