საია მოწმის ჩვენების შეცვლაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მოწმე გიორგი ქათამაძემ ჩვენება რადიკალურად შეცვალა.
"ირაკლი ხოფერიას საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, გიორგი ქათამაძემ ჩვენება რადიკალურად შეცვალა. აუცილებელია, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, რადგან აუცილებელია, დადგინდეს, რამ გამოიწვია ჩვენების რადიკალური შეცვლა, ხომ არ ყოფილა მოწმეზე რაიმე ზეწოლა და მისი დაყოლიება ჩვენების შეცვლაზე. ირაკლი ხოფერიას საქმის გამოძიება ჭიანურდება. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, ამ დრომდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.", - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
2017 წლის 16 თებერვალს ირაკლი ხოფერიასგან აღიარებითი ჩვენების მიღება პოლიციელებმა ძალადობით და ნარკოტიკის ჩადების მუქარით სცადეს. ირაკლი ხოფერია მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც გაირკვა, რომ შეცდომით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დაზარალებულად ცნო.