ბრალდების მოწმეები, რომლებიც გამომძიებლები იყვნენ, დაცვის მხარის კითხვებს არ პასუხობდნენ, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე დეკანოზი გიორგი მამალაძის ერთ-ერთმა ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როდესაც პროკურატურა ეკითხებოდა გამომძიებელს, რომ ესა თუ ის ფაქტი როგორ იყო, მათ ყველაფერი ახსოვდათ, სანაცვლოდ, როდესაც დაცვის მხარე ეკითხებოდა მათ, არაფერზე ჰქონდათ პასუხი.
"მოწმეების დაკითხვა ჩვენს სასარგებლოდ წარიმართა, თუმცა, ბრალდების მოწმეები, რომლებიც გამომძიებლები იყვნენ, დაცვის მხარის კითხვებს არ პასუხობდნენ. როდესაც პროკურატურა ეკითხებოდა გამომძიებელს, რომ ესა თუ ის ფაქტი როგორ იყო, მათ ყველაფერი ახსოვდათ, სანაცვლოდ, როდესაც ჩვენ ვკითხავდით მათ, არაფერზე ჰქონდათ პასუხი. მათ შორის ვერ გვიპასუხეს, თუ როდის ჩაერთნენ საქმეში. გვითხრეს, რომ არ ახსოვდათ”, - განაცხადა ფანცულაიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მოწმეებმა მკაფიოდ დაადასტურეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატრიარქოში არსებულ შიდა ჯგუფურ დაპირისპირებას შეეწირა.