გუშინ გვიან ღამით ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში ყაჩაღობა მოხდა.
ორი შეიარაღებული ნიღბიანი პირი გიმზერ კვირკვაიას ოჯახს დაესხა თავს.
თავდამსხმელები თანხას და ძვირფას ნივთებს ითხოვდნენ. წაღებულია 80 ლარი და ოქროს ნივთები.
გავრცელებული ინფორმაციით, კვირკვაიების ოჯახმა ორი დღის წინ თხილი გაყიდა, სწორედ რეალიზებიდან მიღებულ თანხას მოითხოვდნენ ისინი.
როგორც ოჯახი ჰყვება, მათ თავდამსხმელები ნახევარი საათის განმავლობაში აწამებდნენ. დაზარალებულები ჰყვებიან, რომ ფიზიკური ზეწოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ყაჩაღებმა იმ რაოდენობის თანხა ვერ აღმოაჩინეს, რამდენზეც მათ ინფორმაცია ჰქონდათ.
თავდამსხმელებმა ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც ეზოში იმყოფებოდა, დააკავეს და საცხოვრებელ სახლში იარაღის მუქარით შეაღწიეს. ნაცემია გიმზერ კვირკავაია, რომელიც თავდამსხმელებს შეეწინააღმდეგა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.
ამ დროისთვის სამართალდამცავებს არავინ დაუკავებიათ. უწყების ინფორმაციით, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.