ნიუ-იორკში დაკავებული ქართველი სპორტსმენის მეგობარი ავთანდილ ხურციძის ციხიდან მიწერილ ელექტრონულ წერილს ასაჯაროებს. მერაბ დვალიშვილმა წერილი საზოგადოებრივ მაუწყებელს გაუგზავნა.
„მადლობა თურქეთში მყოფ გულშემატკივრებს, უკრაინაში, ამერიკაში. მე ბედნიერი ვარ ამხელა სიყვარულს და ძალას რომ გამოხატავთ ჩემს მიმართ. არასდროს ვუსურვებდი არავის აქ ჩაჯდომას და არც საკუთარ თავს, მაგრამ მგონი ღირდა იმის ფასად, რომ გამეგო ამხელა სიყვარული და სითბო. ალბათ, აქ ყველაზე ბედნიერი პატიმარი ვარ. ავოიე, ქუთაისი ჩემი გული და სული თქვენ გეკუთვნით. 100 პატიმარი ვარჯიშობს ჩემი შემყურე უკვე ბოქსზე, ჰა ჰა ჰა. ძალიან ბედნიერი ვარ აქ, ამდენ მკვლელებში და ნარკომნებში ერთი უმწიკვლო ბიჭიც ხომ უნდათ, ჰა ჰა ჰა, კი გამოვეცხადე ანჩისხატივით, ჰა ჰა ჰა, აბა მშვიდობით“, - წერს ხურციძე.
ცნობისთვის, 37 წლის ავთანდილ ხურციძე ნიუ-იორკში. ე.წ. კანონიერი ქურდის, რაჟდენ შულაიას სინდიკატის წევრებთან ერთად დააკავეს. ამ ფაქტის შემდეგ, მსოფლიო კრივის ორგანიზაციამ ქართველ სპორტსმენს კრივში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ჩამოართვა, რადგან პატიმრობის გამო, ქამრის დაცვას ის 8 ივლისს ლონდონში ვეღარ შეძლებდა.
ავთანდილ ხურციძეს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის რეკეტის, თავდასხმისა და რამდენიმე სახის თაღლითობის ბრალდებები. წინასწარი მოსმენის დროს სასამართლოზე გამომძიებლებმა მტკიცებულების სახით ორი ვიდეომასალა წარადგინეს, სადაც როგორც თავად განაცხადეს, ხურციძე გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმატორს და ასევე კრიმინალურ დაჯგუფებასთან კავშირში მყოფ პირს, რაჟდენ შულაიას დავალებით, ფიზიკურად უსწორდება. FBI-ის გამომძიებლების თქმით, ხურციძე რუსული მაფიის ბოსის, რაჟდენ შულაიას „კუნთი” იყო ბრუკლინში.
ავთანდილ ხურციძე ბრუკლინში მდებარე საპატიმროში იმყოფება.