ამ ჩვენებების საფუძველზე შემიძლია ვთქვა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე აუცილებლად იქნება ცნობილი უდანაშაულოდ, თუ ჩვენს ქვეყანაში არსებობს მართლმსაჯულება, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ე.წ. ციანიდის საქმის დღევანდელი სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის იმედოვნებს, რომ იმ შეცდომას, რომელიც დღეს მოსამართლემ დაუშვა, განაჩენის გამოტანისას არ დაუშვებს.
"თუ არსებობს მართლმსაჯულება" იმიტომ ვამბობ, რომ დღეს სასამართლომ პატიმრობაში დატოვა მამა გიორგი, მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურას არ ჰქონდა არავითარი არგუმენტი იმისა, თუ რატომ უნდა იყოს მამა გიორგი პატიმრობაში. ვიმედოვნებ, იმ შეცდომას, რომელიც დღეს მოსამართლემ დაუშვა, განაჩენის გამოტანისას არ დაუშვებს. ეს უსამართლობა თუ გაგრძელდა, საქართველოში ნამდვილად არ დასრულდება. ამას არ დავამთავრებთ იმის ფონზე, რომ ვინმეს მივცეთ საშუალება და ნება, როგორც მას სურს, ისეთი სამართალი აწარმოოს, რადგან სამართალი ყველასთვის ერთია, ვინც არ უნდა იყოს, მაღალიც, დაბალიც, მსუქანიც და გამხდარიც", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.