მთავარმა პროკურატურამ ირანის მოქალაქესთან, რომელსაც ბრალი არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის მცდელობაში ედება, საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა.
“ახალციხის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობს საქმის არსებითი განხილვა ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ჰასან ფანაჰი ქარამშაჰლუს მიმართ, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 18-140-ე მუხლით (ხუთი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. ბრალდებული იმყოფება პატიმრობაში. ბრალდებულმა ჰასან ფანაჰი ქარამშაჰლუმ სამცხე-ჯავახეთის საოლქო პროკურატურას განცხადებით მომართა და ითხოვა საპროცესო შეთანხმების გაფორმება მისი ბრალდების საქმეზე, რაც გახლავთ ბრალდებულის უფლება. საქართველოს მთავარი პროკურატურა ცალსახად აცხადებს, რომ ბრალდებულს საპროცესო შეთანხმება არ გაუფორმდება, ვინაიდან მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საქართველოს პროკურატურას მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა აქვს“, - აცხადებენ მთავარ პროკურატურაში.