მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტართა გენერალური ასამბლეა 2019 წელს საქართველოში პირველად ჩატარდება.
უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციის მოთხოვნით, რომში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ 2019 წელს საქართველოში პირველად ჩატარდეს მართლმადიდებელი ქვეყნების პარლამენტართა გენერალური ასამბლეა.
”მართლმადიდებელთა საპარლამენტო ასამბლეა, როგორც საერთაშორისო ორგანიზაცია, დაფუძნდა 24 წლის წინ საბერძნეთში, ჰალკიდაში. მისი მიზანია მართლმადიდებლობის, როგორც ევროპული რელიგიის, ღირებულებების პოპულარიზაცია მთელ მსოფლიოში. მასში გაწევრიანებული არის ევროპის, აზიის, აფრიკის და ამერიკის კონტინენტის 25 სახელმწიფო. გენერალური ასამბლეა იმართება წელიწადში ერთხელ, სადაც მონაწილეობენ მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი პარლამენტარები და განიხილება ყველაზე აქტუალური საკითხები. საქართველოში მისი ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც უძველესი მართლმადიდებელი ქვეყნის პოპულარიზაციას, მათ შორის, რელიგიური ტურიზმის განვითარების კუთხით. ასევე მოგვცემს ახალ პლატფორმას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების გადასაწყვეტად”, - აცხადებენ საქართველოს პარლამენტში.