საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და მაიკროსოფტის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში პროგრამა "პარტნიორები განათლებაში" ლიდერმა თეოდორ მილევმა ერთობლივი პროექტის "ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" შემაჯამებელ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა და გამარჯვებული პედაგოგები პრიზებითა და სერთიფიკატებით დააჯილდოეს. კონკურსის მონაწილეებმა ინტეგრირებული გაკვეთილების პრეზენტაციები წარმოადგინეს. გამოვლინდა ორი გრან-პრის მფლობელი პროექტი - დაწყებით საფეხურზე ერთი და საბაზო - საშუალო საფეხურზე ერთი; ამავე საფეხურების ორი პედაგოგი პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ, მეორე ადგილი ოთხმა პედაგოგმა გაინაწილა, მესამე ექვსმა, სულ 14 პრიზიორი გამოვლინდა.
დიმიტრი შაშკინმა მნიშვნელოვანი უწოდა ანალოგიური კონკურსების ორგანიზებას და აღნიშნა, რომ ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება სასწავლო პროცესში უფრო ინტენსიური გახდება, ამოქმედდება ახალი ვებპორტალი წწწ.ბუკი.გე, სადაც განთავსდება სასწავლო-შემეცნებითი თამაშები, სკოლებში მიმდინარეობს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ინტეგრირებისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით პედაგოგთა და მოსწავლეთა მომზადების პროცესი.
"ინოვაციურ მასწავლებელთა ფორუმი 2010" მიმდინარე წლის მაისში დაიწყო, სამ ეტაპად ჩატარდა და მასში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა საგნის პედაგოგები და ინფორმაციული მენეჯერები მონაწილეობდნენ.
კონფერენცია კონკურსის ფორმატში ჩატარდა და მის მიზანს წარმოადგენდა სასწავლო პროცესის რეფორმირება, საგაკვეთილო გარემოს გამრავალფეროვნება, Iჩთ ინტეგრირებული გაკვეთილების წახალისება, ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების განათლების სფეროში ინტეგრაციის ხელშეწყობა, ასევე, შემოქმედებითად მოაზროვნე მასწავლებლების გამოვლენა-წახალისება, საუკეთესო გამოცდილებების გაზიარება და საერთაშორისო გამოცდილებებისა და მიდგომების, ელექტრონული რესურსების გაცნობა.