ვენეციის კომისიის წევრებს ავუხსენით, რომ შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, თუკი შიგნით არ შედგა საკონსტიტუციო უმრავლესობა, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, რომ პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო პრინციპი, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდება შერეული მოდელით, მაგრამ იმის შემდგომი არჩევნები უკვე გაიმართება პროპორციული სისტემით.
„ვენეციის კომისიის წევრებს ავუხსენით, რომ შეუძლებელია კონსენსუსის მიღწევა, თუკი შიგნით არ შედგა საკონსტიტუციო უმრავლესობა. როდესაც გუნდის შიგნით იყო განსხვავებული მოსაზრება საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით, თუ არ მივაღწევდით კონსენსუსს, შეუძლებელი იყო რაიმე ტიპის გადაწყვეტილების მიღება. ამაზე გახსნილად ვისაუბრეთ. მთავარია, რომ პარლამენტმა ორი მოსმენით მიიღო პრინციპი, რომ შემდეგი არჩევნები ჩატარდება შერეული მოდელით, მაგრამ იმის შემდგომი არჩევნები უკვე გაიმართება პროპორციული სისტემით. ეს გადაწყვეტილება პარლამენტს პრინციპების დონეზე უკვე მიღებული აქვს, რაც, ვფიქრობ, მათთვის იყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი. მათი მხრიდან დავინახეთ დადებითი განწყობა, რომ ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაცია პრინციპების დონეზე პრაქტიკულად შესულია კონსტიტუციის პროექტში. გასათვალისწინებელია პოლიტიკური ველი, პოლიტიკური ლანდშაფტი, რომელიც ჩვენ გვაიძულებს, რომ გარკვეული კომპრომისების პროცესში მივიღოთ გადაწყვეტილებები და ეს კომპრომისი საჭირო იყო ჯერ საპარლამენტო უმრავლესობის შიგნით“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ბოლო 20-წლიანი გამოცდილება გვაჩვენებს, რომ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში სრული კონსენსუსის მიღწევა შეუძლებელია.
მისივე განცხადებით, პრეზიდენტმა საკუთარ მოსახლეობასთან წინააღმდეგობრივი პოზიცია გვაჩვენა, როდესაც სრულიად განსხვავებული იყო ხედვა, რომელიც საერთო სახალხო განხილვის დროს ჩანდა მოსახლეობის მხრიდან და რასაც ის ამბობდა.
"ჩვენ ვეცადეთ, რომ მთავარი მოკავშირე ამ პოლიტიკური კონსენსუსის პროცესში ყოფილიყო ხალხი, რომლისთვისაც კონსტიტუცია არის ძირითადი და ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი. ვეცადეთ, რომ ყოფილიყო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებს შორის, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან მათ ჰქონდათ განსხვავებული პოლიტიკური დღის წესრიგი და პრეზიდენტი, რომელმაც პირველი დღიდანვე აირჩია კონფრონტაციული პოზიცია საკონსტიტუციო კომისიის მიმართ.
პრეზიდენტმა საკუთარ მოსახლეობასთან წინააღმდეგობრივი პოზიცია გვაჩვენა, როდესაც სრულიად განსხვავებული იყო ხედვა, რომელიც საერთო სახალხო განხილვის დროს ჩანდა მოსახლეობის მხრიდან და რასაც ის ამბობდა. ვეცადეთ, რომ პროცესი ყოფილიყო მაქსიმალურად გახსნილი. ვნახეთ, რომ საკონსტიტუციო რეფორმამ და ამ პროცესმა ვენეციის კომისიისგან მიიღო ძალიან მაღალი შეფასება, მაგრამ სამწუხაროდ, დაიგეგმა ბოიკოტის პროცესი, რომელიც გახდა ჩვენი ოპონენტებისთვის ერთგვარი პოლიტიკური რევანში, რაც ამ პროცესისთვის არ არის კარგი. ჩვენი მთავარი ამოცანა იყო, რომ ქვეყანას ჰქონოდა კონსტიტუცია, რომელიც აბალანსებს ხელისუფლების სამივე შტოს და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს“, - აღნიშნა ბესელიამ.