ჩვენ გადაუჭარბებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა დღეს თითოეულ თქვენგანს, ჩვენს მოსახლეობას თავზე გადაახია კონსტიტუცია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამაზე პასუხი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი - მშვიდად, მტკიცედ, მაგრამ გაბრაზებულებმა, თითოეულმა მოქალაქემ მივიდეთ არჩევნებზე და დავსაჯოთ „ქართული ოცნება“.
მისივე განცხადებით, კონსტიტუცია, რომელიც საზოგადოების ზურგს უკან იქნა მიღებული, არ ეფუძნება საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციის, პოლიტიკური პარტიების კონსენსუსს.
"ეს არის ერთპიროვნულად ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ კონსტიტუცია. შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაგართვეს პრეზიდენტის არჩევის უფლება. შეგახსენებთ, რომ ამ კონსტიტუციით თქვენ, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს წაგართვეს და გადაგივადეს სამართლიანი საარჩევნო წესით საუთარი პარლამენტის არჩევის უფლება. შევახსენებთ საზოგადოებას და განსაკუთრებით, ჩვენს გლეხობას, რომ ეს კონსტიტუცია ითვალისწინებს პირდაპირ შეთქმულებას ქართველი გლეხის წინააღმდეგ იმიტომ, რომ თქვენ, მიწათმფლობელო ქართველო გლეხებო, თქვენი მიწის სურვილით გაყიდვის შემთხვევაში, შეგიმცირეს პოტენციური მყიდველები, ამით გააიაფეს თქვენი მიწა“, - განაცხადა გიგი უგულავამ.