საქართველოს პრეზიდენტი მიხელ სააკაშვილი მედვედევ-ობამას შეხვედრის დროს გამართულ სამისტს ერთი ფაქტორის გამო მნიშვნელოვნად აფასებს. მისი თქმით, აღნიშულ სამიტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები ოფიციალურ დონზე დაფიქსირდა ტერმინით - ოკუპირებული. ამის შესახებ მიხელ სააკაშვილმა ეროვნული უშიშორების საბჭოს სხდომაზე ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოხდა ბოლო სამიტზე რუსეთსა და ამერიკას შორის, როდესაც ოფიციალურ განცხადებებში, ოფიციალურ დონეზე დაფიქსირდა ტერმინი - უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს რეგიონები. ეს იმით არის მნიშვნელოვანი, რომ როდესაც საქართველო ამ ტერმინს იყენებდა, ბევრი ყოველივეს სკეპტიკურად უყურებდა. ახლა უკვე ნათელია, რომ ეს არის ამერიკის ოფიციალური პოზიცია. ჩვენ ვმუშაობთ ამავე პოზიციაზე ევროკავშირის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა საპარლამენტო ტრიბუნასთან და ორგანოსთან. ეს სრულიად ახალ რეალობას იძლევა ჩვენს კონფლიქტებთან მიმართებაში. ოკუპაცია - ტერმინი ნიშნავს იმას, რომ ის ადრე თუ გვიან დამთავრდება. არ არსებობს მუდმივი ოკუპაცია. ოკუპანტი ადრე თუ გვიან დატოვებს ტერიტორიას. ეს პერმანენტულად ნიშნავს ამ ყოფნისთვის დროებითი სტატუსის მინიჭებას და ამას ვეღარაფერი შეცვლის. ის ხალხი არის სრულიად უკანონოდ და ამას აღიარებს სრულიად საერთაშორისო თანამეგობრობა.
სააკაშვილმა რუსების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე სახლების ყიდვის ფაქტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკუთრების შეძენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს საკუთრება უკანონოდაა შეძენილი. საქართველოს პრეზიდენტი იმაში, რომ რუსები სხვა ქვეყნის ოკუპაციაში არიან დადანაშაულებული მათი ხელისუფლების ბრალია.
"მინდა ვუთხრა ზოგიერთ თავზეხელაღებულ რუსს: თქვენ ყიდულობთ სახლებს უკანონოდ, უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიაზე, როგორც ეს არის აღიარებული საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. რუსების ძალები იქ არიან ოკუპანტები. მე არ ვიცი, რა დაიმსახურა რუსმა ერმა ისეთი, რომ პირველად მრავალი ათწლეულის განმავლობაში რუსეთის ხალხს, რომელმაც თვითონ გამოსცადა ნაცისტური ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის დროს, ახლა მათი ხელმძღვანელობის არაშორსმჭვრეტელური და ძალიან დაუდევარი პოლიტიკის გამო მოუწია ისევ იმ სახელმწიფოში ცხოვრება, რომელიც თვითონ არის ოკუპანტი და მოუწია იმ ერად წოდება, რომელიც თვითონ არის ოკუპაციაში დადანაშაულებული", - განაცხადა სააკაშვილმა.