კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, დომინანტი რელიგიური ჯგუფის პრივილეგირებული პოზიცია გაძლიერდა, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის" (TDI) განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც NGO რელიგიური თავისუფლების შესახებ, ვენეციის კომისიის შეფასებას გამოეხმაურა.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, TDI მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ.
"19 ივნისს, ვენეციის კომისიამ გამოაქვეყნა მოსაზრება საქართველოს კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის შესახებ.
სხვა ცვლილებებთან ერთად, კომისიის დოკუმენტი, რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებსაც ეხება და ცვლილების ნაწილს კრიტიკულად აფასებს.
ცვლილებების პროექტით, შეიცვალა კონსტიტუციური ნორმა, რომელიც სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის ურთიერთობას განსაზღვრავს.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული როლი კვლავ დეკლარირებულია, თუმცა, მოქმედი დებულებისგან განსხვავებით, ის რწმენისა და თავისუფლებასთან ერთად, ერთ კონტექსტშია განხილული და თანაზომად სიკეთედ არის წარმოდგენილი.
ამასთან, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მე-19 მუხლიდან (ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლი) ამოღებულია სიტყვა “აღმსარებლობა”. ახალი დებულება აღიარებს მხოლოდ რწმენისა და სინდისის თავისუფლებას.
აღსანიშნავია, რომ მოქმედი რედაქციის მსგავსად, ცვლილებების პროექტით რწმენისა და სინდისის თავისუფლებები შესაძლებელია შეიზღუდოს, თუ მათი გამოვლინებები ლახავს სხვათა უფლებებს.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლება - ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა აქტებითა და ევროპული ქვეყნების კონსტიტუციების უმრაველობით. კომისიას მიაჩნია, რომ რწმენის თავისუფლება ზოგადი უფლებაა, რომელიც მრავალ კომპონენტს მოიცავს. შესაბამისად, კონსტიტუციის ცვლილებების პროექტის მე-16 მუხლში კონკრეტულად აღმსარებლობის (რელიგიის) თავისუფლების ჩანაწერი, უფრო ცხადად წარმოაჩენდა მოცემული უფლების გარანტიებს. ვენეციის კომისია, ასევე, ყურადღებას ამახვილებს პროექტის იმ ნორმაზე, რომელიც შესაძლებელს ხდის რწმენისა და სინდისის გამოხატვის შეზღუდვას, თუ ამგვარი გამოხატვა არღვევს სხვათა უფლებებს. კომისიის აზრით, წარმოდგენილი შეზღუდვის ფარგლები წარმოშობს რისკს, რომ რწმენისა და სინდისის თავისუფლება განიმარტოს ზედმეტად ვიწროდ, ხოლო “სხვათა უფლებების” დარღვევა საპირისპიროდ - ზედმეტად ფართოდ. ყოველივე აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ამ ორ ინტერესს შორის ადეკვატური ბალანსი არ იყოს დაცული.
TDI მიიჩნევს, რომ:
კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტის თანახმად, შესუსტდა ჩანაწერი რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების შესახებ;
გაძლიერდა დომინანტი რელიგიური ჯგუფის პრივილეგირებული პოზიცია;
გაჩნდა რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარობის დაცვის სტანდარტების გაუარესების რისკები.
აღსანიშნავია, რომ TDI-მ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, ვენეციის კომისიას მიმართა, სადაც მას კონსტიტუციის ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გააცნო. ვენეციის კომისიას მიმართა სახალხო დამცველმაც, რომელმაც ყურადღება გაამახვილა სეკულარობის პრინციპისა და რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების შესუსტებაზე.
TDI მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს ვენეციის კომისიის, საქართველოს სახალხო დამცველისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოსაზრებები კონსტიტუციის ცვლილებებთან დაკავშირებით და არ დაუშვას რელიგიის თავისუფლების დაცვის სტანდარტის გაუარესება და სეკულარობის პრინციპის დარღვევა", - ნათქვამია განცხადებაში.