“ბირჟა მაფიას“ დაკავებულ წევრთაგან ერთ-ერთი - გიორგი ქებურია ბრალს არ აღიარებს და მისი თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.
როგორც დაკავებული რეპერის ადვოკატი მერაბ ჩიქოვანი აცხადებს, პროკურატურას ქებურიამ მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტებზე მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების პროცესში მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ.
"გიორგი ქებურიამ თავად დააფიქსირა პოზიცია, რომ აღნიშნულ ფაქტზე ითხოვს გამოძიების დაწყებას და მიიჩნევს, რომ არის მსხვერპლი იმ ძალადობის, რაც განხორციელდა მის მიმართ. კერძოდ, გიორგი განმარტავს, რომ სამართალდამცავების მხრიდან დაკავებისას ნახსენები იყო კლიპი, აქ საუბარია ფსიქოლოგიურ ძალადობაზე.
მოაწერინეს ხელი დოკუმენტებზე, რომელიც მას არც კი წაუკითხავს, ფიზიკურად ვერ წაიკითხავდა, რადგან მას არ მისცეს საშუალება ჰქონოდა სათვალე, მას აქვს მხედველობის პრობლემები. ქებურიას მხრიდან დანაშაულის აღიარებას ადგილი არ ქონია, დოკუმენტი რომელზეც საუბრობს შსს რეალურად არის გამომძიებლების მიერ დაწერილი და მასზე ისე მოაწერინეს დაკავებულს ხელი არც კი იცოდა რაზე აწერდა ხელს"- განმარტა მერაბ ჩიქოვანმა.
გიორგი ქებურიასთან პროკურატურის მხრიდან გასაუბრება დაახლოებით 3 საათი მიმდინარეობდა.
ადვოკატების ცნობით, ამჯერად პროკურატურის წარმომადგენელი მეორე დაკავებულს, მიშა მგალობლიშვილს ესაუბრება და დაკავების მიზეზებს ბრალდებულისგან ისმენს.