მთავარმა პროკურატურამ ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების საექსპერტო შეფასებაში მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფის ჩართვის გადაწყვეტილება მიიღო.
უწყების ინფორმაციით, ჯგუფის წევრები გაეცნობიან სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მოამზადებენ დასკვნას, სადაც მოცემული იქნება კონსულტაციები საქმესთან დაკავშირებით და რეკომენდაციები პროკურატურისთვის.
მთავარ პროკურატურასა და მსოფლიოში აღიარებული სისხლის სამართლის პრაქტიკოსი სპეციალისტების ჯგუფს შორის შეთანხმება 2014 წელს შედგა - შეიქმნა პროკურატურის მრჩეველთა საერთაშორისო ჯგუფი, რომელიც ქართველ პროკურორებს თავიანთ საუკეთესო პრაქტიკას და გამოცდილებას უზიარებს.
მოწვეული სპეციალისტების ჯგუფს იუგოსლავიის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე სერ ჯეფრი ნაისი (Sir Geoffrey Nice), ისრაელის სახელმწიფოს ყოფილი სახელმწიფო პროკურორი მოშე ლადორი (Moshe Lador) და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის დანაშაულსა და რეკეტთან ბრძოლის განყოფილების ყოფილი დირექტორი პოლ კოფი (Paul Coffey) წარმოადგენენ.
გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას განცხადებით, თბილისის მერიის მიერ 2016 წელს მიწის ნაკვეთების გადაცემის კანონიერების შესწავლისას დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა. მთავარ პროკურატურაში გამოძიება ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე და 333-ე მუხლებით დაიწყო.
გამოთხოვილია შესაბამისი დოკუმენტაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურიდან, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოდან და არქიტექტურის სამსახურიდან, ეკონომიკის სამინისტროდან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან. გამოკითხულია მოწმეები. დათვალიერებულია მნიშვნელობის მქონე დოკუმენტაცია და ინფორმაცია. ჩატარებულია სხვადასხვა სახის არაერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედება.
12 მაისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის ინციდენტი მოხდა. ლაშა თორდიას მტკიცებით, მას თავს ოთარ ფარცხალაძე და მისი თანმხლები რამდენიმე პირი დაესხნენ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი მომხდარს მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას უკავშირებს.