ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარეები ბორის სილევიჩი (ლატვია) და კერსტინ ლუნდგრენი (შვედეთი) საქართველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხტარლის გატაცების გამოძიებისკენ მოუწოდებენ. ამის შესახებ განცხადება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე ვრცელდება.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, თანათავმჯდომარეები აღშფოთებას გამოთქვამენ მუხტარლის სავარაუდო გატაცებისა და აზერბაიჯანის საზღვარზე "უკანონო გადაყვანის" გამო. ისინი საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვენ, სრულად იქნეს გამოძიებული ამ საქმესთან დაკავშირებული ყველა ბრალდება. ასევე მოითხოვენ, რომ გამოძიების შედეგების შესახებ მოხდეს მათი ინფორმირება.
განცხადებაში ასევე წერია, რომ თანათავმჯდომარეები მიმდინარე საქმეს თვალყურს ადევნებენ.