[აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე] ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს, - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
მისი თქმით, იმ ადგილას, საიდანაც ჟურნალისტი სავარაუდოდ გაიტაცებს, არაერთი სახელმწიფო უწყების შენობაა, შესაბამისად, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს იქ ვიდეოჩანაწერების ნახვა.
"პრობლემა არის ის, რომ ეს ყველაფერი ხდება დღისით, მზისით ქალაქის ცენტრალურ უბანში, სადაც რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა. მათ შორის, პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, სპეცსამსახურები არსებობს და რამდენიმე უწყებაა. შესაბამისად არის იმის შესაძლებლობა, რომ მოხდეს იქ ვიდეოჩანაწერების ნახვა. სავარაუდოდ, იქ უნდა იყოს კამერები. ის ასევე საუბრობს იმაზე, რომ ოფიციალური სასაზღვრო პუნქტის გავლით მოხდა გადასვლა, გადაყვანა მისი ლაგოდეხის ტერიტორიაზე და სავარაუდოდ იქაც იქნება კამერები. ანუ სურვილის შემთხვევაში საგამოძიებო ორგანოებს აქამდე მინიმუმ ამ კადრების ამოღება შეეძლოთ. მაგრამ, ჩვენ ამის ნაცვლად ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებებს ვისმენთ, რომელიც კიდევ უფრო მეტ კითხვებს აჩენს", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.