არის ინფორმაცია რომ ის [გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტი] იყო რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებების კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განცხადებით, ის გამორიცხავს ვერსიას, რომელიც არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოადგინეს.
„შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, გუშინვე დაიწყეს მათ მოკვლევა. მათ შორის აზერბაიჯანელი კოლეგებისგან აქვთ ინფორმაცია, რომ ეს ადამიანი უკანონოდ კვეთდა საზღვარს. ისიც, რომ ჟურნალისტი იყო, ალბათ თქვენც უნდა გადაამოწმოთ, რადგან არის ინფორმაცია რომ ის იყო რადიო „თავისუფლების“ დაცვის თანამშრომელი, ანუ ჟურნალისტიკასთან რაღაც კავშირი აქვს, მაგრამ უშუალოდ ჟურნალისტი არ არის. მე ვფიქრობ, გამოძიება აუცილებლად დაადგენს რეალობას, სად და რა პირობებში დააკავეს იგი. პრაქტიკულად გამოვრიცხავ იმ ვერსიას, რომელიც არასამთავრობოებმა პირდაპირ ფაქტად წარმოგვიდგინეს, რომ ეს მოხდა თბილისში და მოხდა ძალადობა. თუმცა გამოძიება დაწყებულია სწორედ იმ ბრალდების საფუძველზე, რაც გაჟღერდა. რამდენიმე დღეში ზუსტი ინფორაცია გვექნება“, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გაიტაცეს და იგი ბაქოშია დაპატიმრებული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა მისი საზღვარზე გადაყვანა. თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ის აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს.
საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.