მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს საქმის გამოძიება, - ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძემ გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საქმეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა. მისივე თქმით, ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე.
"გვაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი შესაბამის ორგანოებთან. ამ საკითხთან დაკავშირებით მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რომ მაქსიმალურად დროულად მოხდეს საქმის გამოძიება. ფაქტია, რომ ადამინი არის გაუჩინარებული, ფაქტია, რომ დაიწყო გამოძიება და გამოძიების მიმდინარეობაზე ვერავინ ვერ ისაუბრებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ამ საქმეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი სამართლებრივი მსვლელობა. ეს არ არის ჩვეულებრივი საქმე“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი არსებული ინფორმაციით, თბილისიდან გაიტაცეს და იგი ბაქოშია დაპატიმრებული. ჯერჯერობით უცნობია, როგორ მოხდა მისი საზღვარზე გადაყვანა. თბილისში გაუჩინარებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის თქმით, ის აზერბაიჯანის მხარეს საქართველოს უშიშროების ძალებმა გადასცეს.
საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს შსს-მ გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 143-ე მუხლით, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.