მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი.
„ასეთი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და ეს არის დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომა. მე მჯერა, რომ ასეთი რეფორმების განხორციელების შედეგად ჩვენ ძალიან მალე გვეყოლება ჭეშმარიტად 21-ე საუკუნის პოლიცია, რომლითაც ყველანი ვიამაყებთ. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი საქმიანობის მთავარი შემფასებელი ხალხია და არანაირი წოდება და პრივილეგია არ არის ხალხის ნდობასა და სიყვარულზე მეტი. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პროფესიონალიზმით და ხალხის ერთგული სამსახურით თქვენს წვლილს შეიტანთ თანამედროვე ქართული ძლიერი სახელმწიფოს მშენებლობაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ლატვიისა და ლიტვის შს მინისტრები, სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და დელეგაციები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.