2017 წლის 4 აპრილს ჩვენ ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლების შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში, - ამის შესახებ შს მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა პოლიციის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი განცხადებით, პოლიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა იბრძოლონ იმისთვის, რომ სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს.
„2017 წლის 4 აპრილს ჩვენ ევროპოლთან ოპერატიული და სტრატეგიული თანამშრომლების შესახებ ისტორიული შეთანხმება გავაფორმეთ. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პოლიცია თავის ადგილს იკავებს ევროპის დიდ საპოლიციო ოჯახში. ჩემო პოლიციელებო, ჩვენი მიღწევები, თითოეული თქვენგანის დაუღალავი შრომის, ენთუზიაზმის და რწმენის შედეგია. რწმენის, როცა მიუხედავად არაერთი ყოველდღიური გამოწვევისა, გჯერათ, რომ ემსახურებით მართალ საქმეს და თქვენი წვლილი შეგაქვთ სიმართლისა და სამართლიანობისთვის ბრძოლაში, ჩვენი ოჯახების, შვილების, ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის. დიდი მადლობა თქვენ ამისთვის. ჩვენ პოლიციელები ვართ ჩვენი ქვეყნის მსახურები და ეს მუდმივად უნდა გვახსოვდეს. პოლიციამ მთელ მსოფლიოში და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ ჩვენი სამყარო ბევრად უსაფრთხო და უკეთესი გახდეს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
ცნობისთვის, შს სამინისტროსთან პოლიციელის პროფესიული დღე აღინიშნება. ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, თბილისში სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოსული ლატვიისა და ლიტვის შს მინისტრები, სხვადასხვა ქვეყნის საპოლიციო სტრუქტურების ხელმძღვანელი პირები და დელეგაციები, ასევე საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.