მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება, - ასე განმარტა საპატრიარქოს იურისტმა, ედიშერ ქარჩავამ, მისი განცხადება, რომ "მეუფე პეტრეს სურვილია კათოლიკოს პატრიარქის მოკვდინება“.
მისი განმარტებით, მოკვდინებაში არა ფიზიკური, არამედ სულიერი განადგურება იგულისხმა.
„მოკვდინება არის პიროვნების სულიერი განადგურება, მის მიმართ უმძიმესი, მომაკვდინებელი ბრალდებების წაყენება და ამ ბრალდებების ტირაჟირება. ეს არის ყველაზე უმძიმესი ბრალდება ანუ მეუფე პეტრე უკვე დიდი ხანია, გავიდა ეკლესიის ფარგლებიდან“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
როგორც "არჩევანში" საპატრიარქოს იურისტმა აღნიშნა, მეუფე პეტრემ თავი ეკლესიის გარეთ დააყენა და ბევრჯერ არ დაემორჩილა საპატრიარქოს, რის გამოც, თავად აიღო პასუხისმგებლობა და ახლა ასაჯაროებს სხვადასხვა მტკიცებულებებს, სადაც მეუფე პეტრეს სურვილები იკვეთება. მან ასევე განმარტა, რომ თავისი ქმედებები საზოგადოების სრულად ინფორმირებისკენ არის მიმართული.
„ჩემს ადგილას სასულიერო პირი, რასაც მე ვაკეთებ ამას სასულიერო პირი ვერ გააკეთებდა მეუფე პეტრეს წინააღმდეგ“, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.
აქვე ედიშერ ქარჩავა მეუფე პეტრეს აკრიტიკებს და აღნიშნავს, რომ კათოლიკოს-პატრიარქი არა მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის გავლენის ქვეშ, არამედ მეუფე პეტრეს განცხადებებიდან გამომდინარე, თავად ეპისკოპოსის გავლენის ქვეშ ყოფილა.