ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც პერიოდულ ჟურნალში “ბედნიერი ოჯახი” დაიბეჭდა.
როგორც პატრიარქმა აღნიშნა, დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას.
"სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც. ლოცვა რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან. მაგრამ წესით ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ორივემ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, “იესოს ლოცვა”, “მოწყალებისა კარი განგვიღე”, და სხვა”, - განაცხადა პატრიარქმა.