ფარცხალაძის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობა სიმართლეს არ შეესაბამება, - ამის შესახებ ყოფილი მთავარი პროკურორის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა განაცხადა.
როგორც მან "არჩევანში" აღნიშნა, მერიამ სადაო მიწის ნაკვეთები კომპანიას მანამდე გადასცა, ვიდრე ოთარ ფარცხალაძის საკუთრებაში გადავიდოდა აღნიშნული კომპანია.
„მერიამ დააკმაყოფილა 2015 წელს კომპანიის მესაკუთრეების მიერ დაწერილი მოთხოვნა, რომლითაც წერია, რომ დაკმაყოფილდეს კომპანიის მოთხოვნა და ეს მიწის ნაკვეთი გადაეცეს ამ კომპანიას“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ კომპანია 2016 წელს გადავიდა ფარცხალაძის საკუთრებაში და აქედან გამომდინარე, ადვოკატი „სამართლებრივ ბელეტრისტიკად“ მოიხსენიებს ოპონენტების კრიტიკას.
გაგი მოსიაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ კომპანიამ, რომელსაც ფარცხალაძე ამჟამად ფლობს, მიმართა მერიას და ეს მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონისთვის გადასცა.
„ამ კომპანიამ, რომელსაც უკვე ამჟამად ფარცხალაძე ფლობს, 4 თვის უკან მიმართა შესაბამის უწყებას, მერიის უწყებას, და მწვანედ მონიშნული ველი გადასცა კომპანიამ სახელმწიფოს საკუთრებაში“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.