ბატონი ოთარ ფარცხალაძე მზად არის, შემოწმდეს ნებისმიერ შემთხვევაში, - ამის შესახებ ოთარ ფარცხალაძის ადვოკატმა, გაგი მოსიაშვილმა, გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნება საბოლოოდ უსაფუძვლო/
„რაც შეეხება ნარკოტიკულ თრობასთან დაკავშირებით, ბატონი ოთარ ფარცხალაძე მზად არის, შემოწმდეს ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერ დროს ნარკოტიკებთან დაკავშირებით და ამით ბატონი ლაშა თორდიას მიერ გაკეთებული განცხადება იქნება საბოლოოდ უსაფუძვლო“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
ადვოკატის თქმით, ოთარ ფარცხალაძის გარკვეული სახის დისკრედიტაცია მიმდინარეობს, როდესაც, მისი თქმით, „ბატონი ლაშა საუბრობს, რომ, თურმე, ის თრობის ქვეშ იყო“.
ადვოკატის თქმით, ისინი მტკიცებულებებით გაჯერებულ ინფორმაციას აწვდიან საზოგადოებას, ვიდრე ლაშა თორდიას მხარეს.
მან გამოძიებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეიძლება გამოძიებ გაიწელოს, მით უმეტეს, რომ ამ დრომდე არ არის ფარცხალაძე გამოკითხული. ამის გამო, დაცვის მხარე დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს.
მისივე განცხადებით, ლაშა თორდია განსხვავებული ინტერპრეტაციით ყვება აღნიშნულ ინცინდენტს.
„ჩვენი მიზანი სწორედ გახლდათ ის, რომ საზოგადოებისთვის მიგვეწოდებინა ის რეალური ინფორმაცია, რასაც ჰქონდა ადგილი“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
მან აქვე აღნიშნა, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს, რომ ოთარ ფარცხალაძის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების გამოიყენონ.
დაცვის მხარის წარმომადგენელი კიდევ ერთხელ იხსენებს ინცინდენტს და აღნიშნავს, რომ თვითმხილველების თქმით, გაურკვევლობა იყო ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის. თუმცა, ადვოკატის თქმით, პირადმა დაცვამ გაანეიტრალა.
„რაღაც გაურკვევლობა გახლდათ ის, რომ, როდესაც ლაშა თორდიამ დაუწუნა მისალმების ფორმა ბატონ ოთარ ფარცხალაძეს და ამასთან დაკავშირებით, როგორც, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ლაშა თორდიას მიერ დაწუნებულ მისალმების ფორმასთან დაკავშირებით გარკვეული სახის პირადი სივრცის დარღვევა მოხდა და დავა სწორედ ამ შემთხვევაში ერევა“, - განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.