პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის ბიუროს "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებების პროექტი წარუდგინა. ცვლილებები ხმაურის დასაშვები ნორმების გადამატებაზე ადმინისტრაციული და სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას შეეხება.
ცვლილებების თანახმად, ხმაურის დასაშვები ნორმის გადამეტების შემთხვევაში, პირველ ჯერზე დაწესებულება, ორგანიზაცია თუ პირი სიტყვიერ გაფრთხილებას მიიღებს. თუ გაფრთხილებამიღებული ფიზიკური ან იურიდიული პირი 1 წლის განმავლობაში კანონს ისევ დაარღვევს, ფიზიკური პირი 150 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 500 ლარით. კანონის მესამედ დარღვევის შემთხვევაში ჯარიმის რაოდენობა გაიზრდება. კონკრეტულად კი ფიზიკური პირი 300 ლარით დაჯარიმდება, იურიდიული პირი კი 1000 ლარით.
კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, დღისა და ღამის განმავლობაში დაწესებული ხმაურის დასაშვები ნორმები სხვადასხვა იქნება. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში, კანონი 24 საათის განმავლობაში დაარეგულირებს ხმაურის დასაშვებ დონეს.