საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე გრიგოლ გოგელია პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე 2016 წლის ანგარიშს წარადგენს.
გრიგოლ გოგელიამ მაუწყებელში 2016 წელს განხორციელებულ ცვლილებებზე და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვრცლად ისაუბრა ახალ მულტიმედიურ ინტეგრირებულ ნიუსრუმზე.
მისი თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ახალი ვებ პლატფორმის შექმნას გეგმავს.
"ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი ახორციელებს, ეს არის ახალი ვებ არხის შექმნა. ეს არის უნიკალური პლატფორმა, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სხვადასხვა მოთხოვნა. ინფორმაციის მიღება არ ხორციელდება მხოლოდ ტელევიზიის საშუალებით, ამიტომ ჩვენი ამოცანაა, რომ ის შინაარსი, რომელსაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აწარმოებს, აწარმოოს იმ პლატფორმებზე, რომელიც მოსახერხებელი იქნება საზოგადოებისთვის და ამის ნაწილია ახალი ვებ პლატფორმა", - განაცხადა გოგელიამ.