ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პროკურატურის არაფორმალური მმართველია და აღნიშნულ საქმეს პროკურატურა ვერ გამოიძიებს, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
მისივე თქმით, "ევროპული საქართველო" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს საკითხს, რომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს საგამოძიებო კომისიიის შექმნის საკითხი.
"ცნობილია ის გახმაურებული ფაქტი, როცა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად სცემა გენერალური აუდიტორი, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. როგორც წესი, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა ამ პროკურატურის მიმართ. ფარცხალაძე, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ დანაშაულში, თავად არის ამ პროკურატურის არაფორმალური მმართველი. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ ესტუმრნენ ფარცხალაძეს სახლში შსს-ს წარმომადგენლები მეგობრული ვიზიტით. ჩვენ მოვისმინეთ არა ერთი განცხადება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან, სადაც ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი ქმედება გაამართლონ. ამ ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან ვერ მოხდება", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
მისი თქმით, მომხდარმა ნათელი გახადა თბილისის მერიის კორუფციული საქმეებს, რის შესახებაც ასევე პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.