საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიაზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად - არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა.
"საია კიდევ ერთხელ ეხმიანება ლაშა თორდიას საქმეზე მიმდინარე გამოძიების არასწორ კვალიფიკაციას. საქართველოს გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას მიმართ სავარაუდოდ განხორციელებულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარ ძალადობას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით კი, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა ხელისუფლების წარმომადგენელზე თავდასხმას სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით (სსკ-ის 3531 მუხლი).
საია მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ აღწერილი მოვლენების 126-ე მუხლით დაკვალიფიცირება სამართლებრივად არასწორია. იმისთვის, რომ ობიექტურად და სრულყოფილად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო მოქმედება, გადამწყვეტია გამოძიების თავიდანვე სწორი კვალიფიკაციით წარმართვა. ამ კონტექსტში აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მომხდარზე სიმართლის დასადგენად უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას წარმოადგენს შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერები. თუმცა, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს), საგამოძიებო ორგანოს არ ექნება ვიდეოთვალის მიერ გადაღებული კადრების ოფიციალურად გამოთხოვის უფლება.
შესაბამისად, ეფექტური გამოძიებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქმე წარიმართოს სწორი კვალიფიკაციით.
აქვე აღვნიშნავთ, რომ შინაარსისა და ჩართული მხარეების გათვალისწინებით, აღნიშნული საქმე სცდება ერთი სისხლის სამართლის საქმის მასშტაბს. შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, რომ გამოძიება ჩატარდეს სწრაფად, ეფექტურად, მიუკერძოებლად და დაცული იქნეს სამართლებრივი სახელმწიფოს უმთავრესი პრინციპი, რომლის მიხედვითაც კანონი თანაბრად უნდა მოქმედებდეს ყველას მიმართ, შესაბამისად - არავინ შეიძლება დადგეს კანონზე მაღლა.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-138-ე, 1433-ე მუხლების და დადგენილი სასამართლო პრაქტიკის თანახმად, ვიდეო თვალის მიერ დაფიქსირებული კადრი წარმოადგენს კომპიუტერულ მონაცემს. ამასთან, კომპიუტერული მონაცემის გამოთხოვა დასაშვებია მხოლოდ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებრივ ქმედებასთან მიმართებაში. ზოგადად, მიგვაჩნია, რომ კომპიუტერული მონაცემების გამოთხოვაზე ფარული საგამოძიებო მოქმედების პროცედურების გავრცელება სამართლებრივი ხარვეზია და მნიშვნელოვნად ზღუდავს ბრალდების და დაცვის მხარის უფლებას, მოიპოვოს ისეთი მნიშვნელოვანი მტკიცებულება, როგორიც არის ვიდეო-თვალის მიერ დაფიქსირებული მონაცემები", - წერია განცხადებაში.
ცნობისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელ ლაშა თორდიას თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბ "ელ ცენტროში" მოხდა. როგორც მოგვიანებით, თავად თორდიამ განაცხადა, მასზე თავდასხმა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ თანმხლებ პირებთან ერთად განახორციელა.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ან ფსიქიკური ტანჯვა გამოიწვია, თუმცა არ მოჰყოლია ჯანმრთელობის განზრახ მძიმე ან ნაკლებად მძიმე დაზიანება.