გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია გამოკითხვის დროს შეუძლოდ გახდა, რის გამოც პროკურორებმა კლინიკა უკვე დატოვეს. დაკითხვა სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება.
ლაშა თორდიასთან დღეს, ალადაშვილის სახელობის კლინიკაში პროკურატურის 3 წარმომადგენელი მივიდა. ისინი ჯერ მკურნალ ექიმს გაესაუბრნენ, შემდეგ კი, ლაშა თორდიას გამოკითხვა დაიწყეს. პროკურორები გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ საუბრობენ, მოხდება თუ არა საქმის გადაკვალიფიცირება და დაიკითხება თუ არა ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს 12 მაისს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისში, შარდენის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში მოხდა. თორდიას განცხადებით, მას ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და მასთან ერთად მყოფი რამდენიმე პირი დაესხა თავს. ლაშა თორდიაზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ძალადობა) დაიწყო.