შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალ თვეში მთავრობისთვის საკანონმდებლო პაკეტის წარდგენას აპირებს. როგორც შს მინისტრის მოადგილე, შალვა ხუციშვილი აცხადებს, საკითხი შეეხება საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საპოლიციო რესურსების გამოყენებას, რათა უფრო ეფექტურად მოხდეს იმ კრიმინალთან ბრძოლა, რომელიც საქართველოსთანაა კავშირში.
„საუბარია იმაზე, რომ საზღვარგარეთის ქვეყნებში დამატებითი საპოლიციო რესურსების გამოყენება შეგვეძლოს და ეს ის პოლიციელები არიან, რომლებიც ატაშეებისგან განსხვავებით, ღიად არ იმუშავებენ და უცხოეთში ფარულად იქნებიან. მათი მიზანი ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა იქნება. რა თქმა უნდა, იმ ორგანიზებულ დანაშაულთან მუშაობა, რომელსაც საქართველოსთან აქვს კავშირი. ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანას აქვს ეს ინსტიტუტი და ერთმანეთს ეხმარებიან, რომ პოლიციის მხრიდან კონკრეტული, ორგანიზებული ჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტურად მოხდეს. ეს იქნება ქართველი და მათთან დაკავშირებული კრიმინალების მიმართ, თუმცა ეს არ იქნება მასიური და იქნება კონკრეტული ღონისძიების სახით. ამაზე მთავრობამ უნდა იმსჯელოს და დეტალურად მოგახსენებთ", - განაცხადა ხუციშვილმა.