მეტროსადგურმა ,,წერეთელი“ მგზავრების მიღება დროებით შეწყვიტა, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.
"თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგურ „წერეთელზე“ 10:00 საათზე ესკალატორების ქვემოთ განთავსებულ კაბელებზე შეიმჩნეოდა მცირედი დაკვამლიანება.
უსაფრთხოების მიზნით, მეტროსადგურმა ,,წერეთელი“ მგზავრების მიღება დროებით შეწყვიტა. დანარჩენი მეტროს სადგურები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.
„წერეთლის“ სადგურზე უკვე მობილიზებულია სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც ოპერატიულად მოახერხეს დაკვამლიანების შეჩერება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამომწვევი მიზეზების დადგენა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის", - წერია განცხადებაში.