დონალდ ტრამპმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი ჯეიმს კომი თანამდებობიდან დაითხოვა. თეთრი სახლის ლიდერმა განმარტა, რომ კომის FBI-ის ეფექტიანად მართვა აღარ შეუძლია. "მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ ახალი ხელმძღვანელი, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ საზოგადოების ნდობას აღადგენს," - ნათქვამია წერილში, რომელიც პრეზიდენტმა ჯეიმს კომის გაუგზავნა. კომენტარი გააკეთა აშშ იუსტიციის სამინისტრომაც. უწყების მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯეიმს კომიმ 2016 წლის ივლისში ჰილარი კლინტონის ელექტრონული წერილების საქმის დახურვაზე ოფიციალური განცხადეება გააკეთა, რითაც უფლებამოსილებას გადააჭარბა. გამოძიების ფედერალურ ბიუროს დროებით ჯეიმს კომის მოადგილე ენდრიუ მაქქეიბი უხელმძღვანელებს.