ევროპის მინისტრთა კომიტეტის საბჭოს მიერ 4 მაისს საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას მოსკოვი ტენდენციურს უწოდებს. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, აუცილებელია სერიოზულად დაფიქრება იმაზე, გაგრძელდეს თუ არა ჟენევის შეხვედრები არსებულ ფორმატში.
„დოკუმენტი მიკერძოებულია. მისი ავტორები შეეცადნენ რუსეთისთვის დაეკისრებინათ პასუხისმგებლობა იმ კონფლიქტის გამო, რომელიც საქართველოს აქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რესპუბლიკებთან, რომლებიც არასოდეს შედიოდნენ საქართველოს შემადგენლობაში. თბილისი დასავლელი მფარველების მხარდაჭერით განაგრძობს საერთაშორისო არენაზე სიცრუის პროპაგანდას. საქართველოს დელეგაცია სისტემატურად ამბობს უარს, კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ჟენევის დისკუსიებში. აქედან გამომდინარე, სერიოზული დაფიქრება მოგვიწევს არსებული ფორმატით ჟენევის შეხვედრების გაგრძელებაზე“, - ნათქვამია ლავროვის უწყების განცხადებაში.