საფრანგეთში პარიზის ცენტრში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭეს. მომხდარზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო ისლამურმა სახელმწიფომ. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია 2 პოლიციელი. თავდამსხმელმა ავტომობილი პოლიციის ავტობუსთან გააჩერა და კალაშნიკოვის ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა. ტერორისტს ძალოვნებმა საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს. ის ადგილზე იქნა ლიკვიდირებული. მომხდარის გამო პარიზის ცენტრიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყო. გადაიკეტა მიმდებარე ქუჩებიც. პარიზის პროკურორის ცნობით, თავდამსხმელის ვინაობა დადგენილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მისი სახელი არ ხმაურდება. ტერორისტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმა ბელგიელმა აბუ იუსეფმა მოაწყო. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს ფრანგული ტელეკომპანია BFMTV. ადგილობრივი მედიის ცნობით, ტერაქტი საფრანგეთის მოქალაქემ, 39- წლის მამაკაცმა განახორციელა.