5-7 აპრილს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD), ასევე საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოების რეგიონულ შეხვედრას მასპინძლობს. 2013 წელს, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ შემუშავდა დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (Base Erosion and Profit Shifting - BEPS) სამოქმედო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს 15 სავალდებულო ღონისძიებას. აღნიშნული პროგრამის ინიცირება დიდი ოცეულის ფინანსთა მინისტრების მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდა. 2016 წლის თებერვალში, BEPS -ის პროექტის იმპლემენტაციის მიზნით, შეიქმნა BEPS-ის ინკლუზიური პლატფორმა (BEPS Inclusive Framework), რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ ქვეყნებსა და იურისდიქციებს თანასწორუფლებიან საფუძველზე ჩაერთონ BEPS-ის პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში. აღნიშნულ პლატფორმას საქართველო 2016 წლის ივნისში შეუერთდა. საქართველოს, როგორც ინკლუზიური პლატფორმის წევრს ქვეყანას, გააჩნია ვალდებულება დანერგოს BEPS-ის ფარგლებში შემუშავებული ოთხი ძირითადი სტანდარტი:
- საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა;
- საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა;
- ქვეყნების მიხედვით სტანდარტიზებული ანგარიშგება;
- საგადასახადო შეთანხმების ფარგლებში წარმოშობილი დავების გადაჭრის ეფექტიანობის გაუმჯობესება;
ფორუმის მონაწილეებს, მისასალმებელი სიტყვით საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა, გიორგი თაბუაშვილმა მიმართა. მისი განცხადებით, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აქვთ უნიკალური შესაძლებლობა, ფორუმის ფარგლებში, საკუთარი გამოწვევებისა და გამოცდილების გაზიარებით, ეფექტურად შეასრულონ BEPS-ის ძირითადი სამოქმედო გეგმა.
რეგიონალური ფორუმის მუშაობა სამ დღეს გაგრძელდება და მის მუშაობაში საქართველოს, ჩეხეთის, სლოვაკეთის,ხორვატიის, სლოვენიის, უკრაინის, ბულგარეთის, ლატვიის, ლიტვის, პოლონეთის, პაკისტანის, ქუვეითის, თურქეთისა და ომანის სასულთნოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.